700 მატჩი „ატლეტიკოს“ სათავეში - დიეგო სიმეონემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა #1TVSPORT
„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც მადრიდული კლუბის სათავეში 700 მატჩი ჩაატარა.
„მადლობელი ვარ „ატლეტიკოში“ დაუვიწყარი 700 მატჩის გამო, – ციტირებს „მარკა“ სიმეონეს სიტყვებს, – წლების განმავლობაში სულ ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: ამ კლუბს აქვს მომავალი. მოდით, ერთად მივაღწიოთ მიზანს.
გამუდმებით მეკითხებიან, დავრჩები თუ არა „ატლეტიკოში“. დიახ, მე აქ ვრჩები! იცით, რატომ? იმიტომ, რომ ამ კლუბს მომავალი აქვს, რომელსაც ერთად შევქმნით. ეს მომავალი ჩვენ ვართ“.
54 წლის არგენტინელი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ლა ლიგის ერთსა და იმავე გუნდს 700 ოფიციალურ მატჩში უხელმძღვანელა. სიმეონეს სტატისტიკა „ატლეტიკოში“ ასეთია – 413 მოგება, 156 ფრე და 131 მარცხი.