ზვიად კორძაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშთან დაკავშირებული განცხადებით მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილის ერთ-ერთი პუნქტი შეასრულა
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ გასული წლის 2 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებით მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ერთ-ერთი პუნქტი შეასრულა.
როგორც კორძაძემ აღნიშნა, პროკურატურამ ჰკითხა მამუკა ხაზარაძეს, ვინმეს ესაუბრა თუ არა მუქარის წერილზე და მიიღო ორი ადამიანის გვარი.
„მათგან ერთ-ერთი მამუკა ხაზარაძეს მიეხმარა წერილის დაწერაში, რომელიც მეორე დღეს გამოაქვეყნა არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კორძაძემ.
ადვოკატის თქმით, მამუკა ხაზარაძე სრულ ნდობას უცხადებს შუამავალს, რომელმაც მუქარის წერილი მიუტანა, თუმცა მის ვინაობას არ ამხელს.
ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას ამ ეტაპზე უარი ეთქვა შუამავლის დასახელებაზე, რადგან მანამდე სხვა საგამოძიებო ღონისძიებებია ჩასატარებელი. კერძოდ, მისი თქმით, გუშინ სასამართლოს წინაშე გამოკითხვისას ხაზარაძემ პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეს წერილი სასამართლოში მიტანამდე ბიზნესმენების ნაწილს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.
ადვოკატის თქმით, ჯერ სწორედ ამ პირების ჩვენებებით უნდა დაინტერესდეს გამოძიება და დაადგინოს, წერილი გამოგონილია, თუ სხვასაც აქვს ინფორმაცია მის შესახებ.
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 2 ნოემბერს გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აღნიშნავს, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია, საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და ქაოსი გამოიწვიოს. წერილში ის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად წარმოაჩინა მოსახლეობის შეცვლილი განწყობა მმართველი პარტიის მიმართ.
რაც შეეხება წერილს, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარას შეიცავს, დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება ამ ეტაპზე მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებისა და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას. პროკურატურის ცნობით, დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით ვერ მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო.