ბათუმში ორი ადამიანის დაჭრაზე დაკავებული პირებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ
ბათუმში ორი ადამიანის დაჭრაზე დაკავებული პირებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ

ბათუმში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული  პირებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

დაკავებულებს უკვე შეხვდნენ ადვოკატები.

ადვოკატ როინ აბაშიძის განცხადებით, ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, ელდარ ანთაძეს და რევაზ წულუკიძეს, ბრალს არ აღიარებენ, ამბობენ რომ იცავდნენ თავს. არც იარაღია ამოღებული და არც დანა. ცივი იარაღის გამოყენება მეორე მხრიდან მოხდა. როგორც ამბობენ, კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მეორე მხარე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს იბარებდა გარჩევებზე, მათი ორი მეგობარი სცემეს. როდესაც დაშავებულები საავადმყოფოში მიიყვანეს და ელოდებოდნენ ექიმს, მივიდა მეორე მხარეც და მოხდა ინციდენტი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ხულიგნობის მუხლის მეორე ნაწილით აპირებენ ბრალის წარდგენას”, -განაცხადა ადვოკატმა როინ აბაშიძემ.

დაცვის მხარე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაპირისპირება რელიგიური სექტის მიმდევრობის მიზეზით მოხდა. ერთ-ერთი დაკავებულის მამა კი არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტი საკუთარი შვილის პოლიტიკურ აქტიურობას, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას უკავშირდება.

შეგახსენებთ, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ორი დღის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოსთან დაპირისპირება ორი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა.  პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.