საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ბოლო წამზე წააგო - 85-86 [ვიდეო]

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და ერქულიანი სხვაობით  – 85-86 დამარცხდა.

თამაში ქართველი კალათბურთელების აქტიურობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 13 ქულის სხვაობით – 30-17 მოიგო. განსაკუთრებით შედეგიანი დუდა სანაძე და გოგა ბითაძე იყვნენ, რომლებმაც ნაკრებს 7-7 ქულა მოუტანეს, გიორგი შერმადინმა 6 ქულა დააგროვა, თორნიკე შენგელიამ – 5.

მეორე მეოთხედის დასაწყისი ბერძნებისთვის კიდევ უფრო ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა და როდესაც დიდ შესვენებამდე ხუთიოდე წუთი რჩებოდა, ჩვენი გუნდი უკვე 17 ქულის სხვაობით (37-20) იგებდა. ამის შემდეგ ბერძნებმა მაინც მოახერხეს საკუთარ თავში ძალების პოვნა და ანგარიში 8 ქულამდე შეამცირეს – 41-33.

საბოლოოდ ტაიმი მაინც ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა – 49-38.

მეორე ტაიმი, როგორც მოსალოდნელი იყო, უკიდურესად დაძაბული გამოდგა და მესამე მეოთხედში მსაჯებმა ორივე გუნდს თითოჯერ მისცეს ტექნიკური ჯარიმა. ისევ საუკეთესოები იყვნენ თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე, მეტოქის შემადგენლობაში კი საუკეთესო ნიკ კალატესი იყო, რომელიც სამქულიანებს ძალიან მაღალი ეფექტურობით ისროდა.

საბოლოოდ, ბერძენთა მონდომებამ შედეგი გამოიღო და გადამწყვეტი მეოთხედის წინს სტუმრები ერთი ქულით დაწინაურდნენ – 64-65.

მეოთხე, გადამწყვეტი 10 წუთი ბერძნების უფრო მეტი შედეგიანობით აღინიშნა. ისევ კარგად ისროდა სამქულიანებს ნიკ კალატესი, რომლის შედეგიანობა ამ კომპონენტში თითქმის 50% იყო და როდესაც მატჩის დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა, სტუმრები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მატჩის ბოლო წამები ძალიან დრამატული გამოდგა. როდესაც საქართველო 1 ქულას იგებდა, ბერძნებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და მატჩი ერთი ქულით მოიგეს.