500-დღიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, ისრაელს პრემიერ-მინისტრი და ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი ჰყავს
500-დღიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, ისრაელს პრემიერ-მინისტრი და ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი ჰყავს

500-დღიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, ისრაელს პრემიერ-მინისტრი და ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 18 თვის განმავლობაში ჩატარებული სამი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისრაელის ეროვნული ერთობის მთავრობის ინაუგურაცია გაიმართა.

ახალი მთავრობა მემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა ყოფილმა პოლიტიკურმა მეტოქემ, ცენტრისტმა ბენი განცმა შექმნეს. ისრაელის რიგით 35-ე მთავრობამ ფიცი საკანონმდებლო ორგანოში, ქნესეთში დადო.

ახალ მთავრობას მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, 43 კი წინააღმდეგი იყო. სამწლიანი კოალიციური შეთანხმების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი 18 თვის განმავლობაში იქნება, შემდეგი 18 თვე კი ქვეყნის მთავრობას ბენი განცი უხელმძღვანელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრობის დროს ბენი განცი თავდაცვის მინისტრი და ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი იქნება.

ფიცის დადების ცერემონიაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არსებული ებრაული დასახლებების ანექსიის მოწოდება გააჟღერა, რაც, მისი თქმით, პალესტინელებთან მშვიდობას უზრუნველყოფს.

„დადგა დრო, რომ დასახლებებზე ისრაელის კანონი გავრცელდეს და სიონიზმის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყოს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.