46 გოლი 7 მატჩში - ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი შედეგიანად დაიწყო
46 გოლი 7 მატჩში - ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი შედეგიანად დაიწყო

საქართველოს ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშება დაიწყო. პირველი ტურის კვალობაზე, თამაშები უჩვეულოდ შედეგიანი გამოდგა – სულ 46 გოლი გავიდა, საშუალოდ შეხვედრაში – 6,57 გოლი!

ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა ბათუმში გამართული მატჩი, სადაც მასპინძლებმა „მცხეთას“ 14 უპასუხო გოლი გაუტანეს. ბათუმელთაგან ყველზე შედეგიანი გვანცა დოლიძე იყო, რომელმაც 6 გოლის გატანა შეძლო.

ხაშურში „ივერიას“დიდი ანგარიშით სძლია თბილისის „ნიკემ“, რომლის შემადგენლობაც წინა სეზონისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად შეიცვალა. თბილისელთა რიგებში თითქმის ყველა მოთამაშე, ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია. შესაბამისად, მათ მიერ ხაშურში გატანილი 10 გოლიც ლოგიკურია. „ნიკეს“ შემადგენლობაში, ტრავმის შემდეგ, პირველი მატჩი გამართა ეროვნული ნაკრების მეკარემ თამარ ნადირაშვილმა.

მარტივად გაიმარჯვა ახალციხეში ქუთაისის „მართვემ“. ტრავმის შემდეგ ითამაშა ლანა გორგაძემ, რომელმაც დაბრუნების შემდეგ, სამი გოლის გატანა მოახერხა.

ხობში მეგრული დაპირისპირება ადგილობრივ „კოლხეთსა“ და „სამეგრელოს“ შორის, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ტურის კიდევ ორი შეხვედრა გორსა და თბილისში ფრედ დამთავრდა. გორში, ადგილობრივი „გორი იუნაიტედი“ და „ნორჩი დინამო“ დაზავდნენ.

გათამაშების დებიუტანტი „კვარტალი“, რომელიც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელებით დაკომპლექტდა, დრამატულ მატჩში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ლანჩხუთს“ დაუზავდა.

ქალთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის ბოლო შეხვედრა ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა – გათამაშების დებიუტანტების, სოხუმის „დინამოსა“ და „თუშეთის“ დაპირისპირება სოხუმელთა გამარჯვებით დასრულდა.

 

ბათუმი – მცხეთა 14:0

ივერია – ნიკე 0:10

ზარზმა – მართვე 1:5

გორი იუნაიტედი – ნორჩი დინამო 2:2

კოლხეთი – სამეგრელო 2:0

კვარტალი – ლანჩხუთი 1:1

სოხუმის დინამო- თუშეთი 8:0

დატოვე კომენტარი