45 წლის ვინუს უილიამსმა ვაშინგტონის ტურნირის პირველი წრე მოიგო #1TVSPORT
ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი, 45 წლის ვინუს უილიამსი ტრიუმფალურად დაბრუნდა პროფესიულ ტურში 16-თვიანი პაუზის შემდეგ. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რომელიც დღეს რეიტინგის 1151-ე ნომერია, ვაშინგტონის WTA500 კატეგორიის ტურნირზე 6:3, 6:4 დაამარცხა თანამემამულე პიტონ სტირნსი.
შეხვედრა საათი და 37 წუთი გრძელდებოდა. უილიამსმა ცხრა ეისი შეასრულა, ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 14-დან ექვსი ბრეიკპოინტი გამოიყენა. მის მეტოქეს ექვსიდან ოთხი რეალიზებული ბრეიკპოინტი ჰქონდა.
ვინუს უილიამსი მეორე ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია, რომელმაც WTA-ს ტურში მოგება შეძლო. ამ მხრივ რეკორდი მარტინა ნავრატილოვას ეკუთვნის.
მეორე წრეში უილიამსი პოლონელ მაგდალენა ფრეხს შეხვდება.