40 წლის სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს გეგმავს #1TVSPORT
40 წლის სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს გეგმავს #1TVSPORT

40 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, რომელიც ივნისის შემდეგ არ გასულა კორტზე, 2022 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე აპირებს თამაშს. ტურნირი 17-30 იანვარს გაიმართება.

უილიამსმა ბოლო შეხვედრა წლევანდელი უიმბლდონის პირველ წრეში ჩაატარა, რის შემდეგაც მუხლის ტრავმა მიიღო.

„ჩემი მუხლი უკვე კარგ მდგომარეობაშია. აღდგენამ ბევრი დრო დაიკავა, პრაქტიკულად მთელი საუკუნე, მაგრამ, ახლა, გაცილებით უკეთაა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო აშშ-ის ღია პირველობის გამოტოვება. მაგრამ აუცილებლად ვგეგმავ ავსტრალიაში თამაშს“, – განუცხადა ამერიკელმა გამოცემა Tennishead-ს.

სერენა უილიამსი „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონია. მას შვიდ-შვიდჯერ აქვს მოგებული ავსტრალიის ღია და უიმბლდონი, ექვსჯერ – აშშ-ის ღია პირველობა და სამჯერ – როლან გაროსი.

დღეისთვის სერენა მსოფლიოს 41-ე ჩოგანია.