4 დეკემბერს იოახიმ ლიოვის გერმანიის ნაკრებში ყოფნის საკითხს განიხილავენ
4 დეკემბერს იოახიმ ლიოვის გერმანიის ნაკრებში ყოფნის საკითხს განიხილავენ

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB) გამოაცხადა, რომ ოთხ დეკემბერს ჩაატარებს სხდომას, რომელზეც უნდა განიხილონ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იოახიმ ლიოვის დარჩენის საკითხი.

„გვინდა შევაფასოთ გუნდის მიმდინარე მდგომარეობა, განვიხილოთ მარცხი ესპანეთის ნაკრებთან და ვიმსჯელოთ გუნდის პროგრესზე ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს თარიღი საშუალებას აძლევს მწვრთნელს – გაიაზროს მომხდარი და საკუთარი აზრი გამოთქვას“, – წერია კავშირის განცხადებაში.

იოახიმ ლიოვი 2006 წლიდან უდგას სათავეში გერმანიის ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 189 მატჩიდან 120 მოიგო და გაიმარჯვა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე.

ბოლო შეხვედრაში ბუნდესნაკრებმა 0:6 წააგო გასვლაზე ესპანეთთან და ერთა ლიგის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.