39 წელი დიდი გამარჯვებიდან - 13 მაისს თბილისის „დინამომ“ ევროპული თასი მოიპოვა (ვიდეო)

1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამომ“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და ევროპულ თასს დაეუფლა – დღეს ამ გამარჯვებიდან 39 წელი გავიდა.

მეტოქის რიგებში 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ვიცეჩემპიონის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების 9 ყოფილი თუ მოქმედი კანდიდატი თამაშობდა. გერმანელებმა ფინალამდე დაამარცხეს იტალიის „რომა“ (0:3, 4:0), ესპანეთის „ვალენსია“ (3:1, 0:1), უელსის „ნიუპორტი“ (2:2, 1:0), ხოლო ნახევარფინალში პორტუგალიის წარმომადგენელს, ლისაბონის „ბენფიკას“ სძლიეს (2:0, 0:1).

ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით, თბილისელებმა ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარეს. ჯერ გზიდან საბერძნეთის „კასტორია“ (0:0, 2:0) ჩამოიშორეს, შემდეგ ირლანდიური „უოტერფორდი“ (1:0, 4:0), ინგლისის „ვესტ ჰემი“ (4:1, 0:1), ხოლო ნახევარფინალში – ნიდერლანდების „ფეიენორდი“ (3:0, 0:2)

თამაში თბილისელებისთვის სასურველი სცენარით არ წარიმართა. 63-ე წუთზე, გერმანელები გერჰარდ ჰოპემ დააწინაურა 0:1. თბილისელებმა, მეტოქის სტადიონზე, ფაქტობრივად გერმანული ხასიათი აჩვენეს და წონასწორობა მალე აღადგინეს. 67-ე წუთზე, რამაზ შენგელია ორ მეტოქეს გაცდა და ვლადიმერ გუცაევი მოძებნა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:1.

87-ე წუთზე კი გადამწყვეტი გოლი გავიდა. დავით ყიფიანმა ვიტალი დარასელიას საჯარიმოში ბურთი გააყოლა, თბილისელთა ნახევარმცველმა ორი მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და „დინამოს“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა 2:1.

13 მაისი, 1981. ფინალი. დიუსელდორფი, რეინშტადიონი. 9800 მაყურებელი

დინამო (თბილისი) – კარლ ცაისი (იენა, გდრ) 2:1

გოლები: 0:1 გერჰარდ ჰოპე (63), 1:1 ვლადიმერ გუცაევი (67), 2:1 ვიტალი დარასელია (87)

დინამო: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (67. ნუკრი კაკილაშვილი), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

კარლ ცაისი: ჰანს-ულრიხ გრაპენტინი, გერტ ბრაუერი, გერჰარდ ჰოპე (89. ულრიხ ოევერმანი), ვოლფგანგ შილინგი, ლოთარ კურბიუვაიტი (კაპ), რუდიგერ შნუპჰაზე, ანდრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბილაუ (76. ტომას ტიოპფერი), იურგენ რააბი, ებერჰარდ ფოგელი

მწვრთნელი: ჰანს-იოახიმ მეიერი

მსაჯები: რიკარდო ლატანცი; ლუიჯი ანგოლინი, პაოლო ბერგამო (იტალია)

13 მაისს, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტი“ საგანგებოდ ამ დღისთვის მიძღვნილ გადაცემას „დინამოს ლეგენდები“ – 13 მაისი“ 19:10 საათზე შემოგთავაზებთ. საიუბილეო გადაცემის ანონსი იხილეთ ბმულზე.