37 წლის ვინუს უილიამსი ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
37 წლის ვინუს უილიამსი ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს

ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ვინუს უილიამსი კარიერის დასრულებას არ აპირებს. მან თავისი სამომავლო გეგმები ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ოფიციალურ ვებგვერდს გაუმხილა.

„უახლოეს მომავალში არ მაქვს დაგეგმილი კარიერის დასრულება. უფრო მეტიც, ამ წუთას მეჩვენება, რომ ჰორიზონტზე უკვე მოჩანს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები. აუცილებლად შევეცდები მასში მონაწილეობის მიღებას”, – განაცხადა 37 წლის ამერიკელმა.

ვეტერანმა ჩოგბურთელმა 2017 წელს შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. მართალია, მან ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო, მაგრამ ფინალამდე მიაღწია ავსტრალიის ღია პირველობაზე, უიმბლდონსა და წლის შემაჯამებელ ტურნირზე, გარდა ამისა, ნახევარფინალამდე მივიდა აშშ-ის ღია პირველობაზე. უფროსმა უილიამსმა სეზონი მეხუთე ჩოგანის რანგში დაასრულა.