36 წლის დანი ალვეში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპონატზე თამაშს გეგმავს
36 წლის დანი ალვეში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპონატზე თამაშს გეგმავს

ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა დანი ალვეშმა, რომელმაც „სან პაულუსთან“ გააფორმა კონტრაქტი, ახალ კლუბში თავის მიზნებზე ილაპარაკა. კერძოდ, 36 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში „პარი სენ-ჟერმენში“ გამოსვლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. მისი კონტრაქტი „სან პაულუსთან“ 2022 წლის დეკემბრამდეა ძალაში.

„მე აქ სამუშაოდ მოვედი და არა კარიერის დასასრულებლად. წინ ჯერ ისევ ბევრი მიზანი მაქვს და ერთ-ერთია – „სან პაულუს“ ისტორიაში შესვლა.

მე მჭირდება პროექტის სიმყარე. მჭირდება სტაბილურობა სპორტული თვალსაზრისით, რადგან საკუთარი გეგმები გამაჩნია. უნდა შევქმნა ეს ისტორია იმ ყველა სირთულის გათვალისწინებით, რასაც ჰქვია ბრაზილიაში დაბრუნება და ის მოლოდინი, რომელიც ხალხს ჩემს მიმართ აქვს.

მაგრამ ჩემი ოცნებები ყველანაირ სირთულეზე მაღლა დგას. ჩემი მიზანია – ვცადო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაში. ამიტომაც ვარ კლუბში, რომელიც მე ასეთ შესაძლებლობას მაძლევს, ჩემზე აკეთებს აქცენტს, სჯერა ჩემი პროფესიონალიზმის და ფეხბურთში ჩემი ისტორიის“, – განაცხადა დანი ალვეშმა.