35 წელი ისტორიული არჩევანიდან - 1990 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაფუძნდა #1TVSPORT
35 წელი ისტორიული არჩევანიდან - 1990 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაფუძნდა #1TVSPORT

35 წლის წინ, 1990 წლის 15 თებერვალს საქართველომ ისტორიული არჩევანი გააკეთა – თბილისში, ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნება გადაწყდა.

ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, რადგან საქართველო იყო პირველი, რომელმაც საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია დატოვა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შედეგად კი იზოლაციაში მოექცა – ქართული ფეხბურთი ფიფა-სა და უეფა-ში გაწევრებას ორწელიწადნახევარი ელოდა.

დაკარგულმა დრომ და მაშინ საქართველოში განვითრებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ქართულ ფეხბურთს უარყოფითი დაღი დაასვა. 1992 წლის 25 თებერვალს ფიფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროებით წევრად მიიღო, ხოლო 3 ივლისს ციურიხში გამართულ კონგრესზე სრულუფლებიან წევრად აღიარა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშებას 1990 წლიდან ატარებს – ეროვნული ჩემპიონატის პირველი ოფიციალური შეხვედრა 1990 წლის 30 მარტს თბილისის „იბერიასა“ (თბილისის „დინამო“ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში „იბერიის“ სახელით გამოდიოდა) და ფოთის „კოლხეთს“ შორის გაიმართა. ამ ისტორიულ შეხვედრას „დინამო არენაზე“ უამრავი გულშემატკივარი დაესწრო და ფოთელთა გამარჯვებით (1:0) დასრულდა. არასახარბიელო სტარტის მიუხედავად, სეზონი თბილისელებმა 78 ქულით დაასრულეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

1993 წლიდან ქართული კლუბები ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობენ, 1994 წლიდან კი საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე გამოდიან.

„ჯვაროსნებმა“ ყველაზე დიდ წარმატებას 2024 წელს მიაღწიეს, როდესაც ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, სადაც ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში ითამაშა.

2024 წელი ქართული ფეხბურთისთვის ასეთი დასამახსოვრებელი და საქართველოსთვის მსგავსად ემოციური არ იქნებოდა, რომ არა 1990 წლის 15 თებერვალის ყრილობა – დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის შენება სწორედ იქიდან დაიწყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები:

1990-1998 | ნოდარ ახალკაცი

1998-2005 | მერაბ ჟორდანია

2005-2007 | ნოდარ ახალკაცი-უმცროსი

2007 | გიორგი ნემსაძე

2007-2009 | ნოდარ ახალკაცი-უმცროსი

2009-2015 | ზვიად სიჭინავა

2015-დან ლევან კობიაშვილი