34 წელი ისტორიული მოვლენიდან - 15 თებერვალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეა #1TVSPORT
34 წელი ისტორიული მოვლენიდან - 15 თებერვალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეა #1TVSPORT

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა – 1990 წლის 15 თებერვალს ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლეში შეკრებილმა დამფუძნებელი ყრილობის დელეგატებმა საკავშირო ფეხბურთის ფედერაციიდან გამოყოფა და დამოუკიდებელი ფედერაციის ჩამოაყალიბება გადაწყვიტეს.

ღია კენჭისყრით საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. ყრილობაზე გადაწყდა, რომ ქართული გუნდები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში აღარ ითამაშებდნენ – 1990 წლის 30 მარტს კი პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო.

დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-მ და უეფა-მ 1992 წელს აღიარა და საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა.

დამოუკიდებლობის 34 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დიდ საერთაშორისო ტურნირზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ოლიმპიადა) ერთხელაც არ უთამაშია, ქართული კლუბები კი, მაქსიმუმ, ევროტურნირების პლეი ოფამდე აღწევდნენ. თუმცა იყო სანაკრებო თუ საკლუბო გამონათებები, ასაკობრივმა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშეს, თბილისის „დინამო“ კი ერთხელ ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე (2004 წელს უეფა-ს თასზე) მოხვდა.

საქართველოს ნაკრებს წელს მეორედ აქვს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი – 21 მარტს გუნდი ლუქსემბურგს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს ევრო 2024-ის საგზურისთვის დაუპირისპირდება.