3-0 „იუ-ეფ-სი“-ის ოქტაგონზე - გიგა ჭიკაძე კვლავ დაუმარცხებელია | ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
3-0 „იუ-ეფ-სი“-ის ოქტაგონზე - გიგა ჭიკაძე კვლავ დაუმარცხებელია | ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ჯექსონვილში გამართულ ქარდზე გიგა ირვინ რივერას დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჭიკაძემ მექსიკელს სამივე რაუნდში აჯობა და რამდენიმე ძალიან საინტერესო ეპიზოდიც შემოგვთავაზა. საბოლოოდ, სამივე მსაჯმა ქართველი ათლეტის გამარჯვება დააფიქსირა. შედეგად, გიგამ „იუ-ეფ-სი“-ში (UFC) ზედიზედ მესამე მოგება მიითვალა და ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა.

შერეულ ორთაბრძოლებში მისი რეკორდი 10 მოგება და ორი მარცხია. UFC-ის ოქტაგონზე კი ჭიკაძე დაუმარცხებელია. საქართველოს პირველი არხი გიგას დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

​- UFC-ში დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნე. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ბრძოლა შენი კარიერისთვის და როგორ შეაფასებდი მეტოქეს?

– მესამე გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი კარიერის სწორი გზით განვითარებისთვის. სამიდან სამი გამარჯვება UFC-ში ჩემს რეიტინგზე რა თქმა უნდა დადებითად იმოქმედებს. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, ვფიქრობ დაპირისპირება ძალიან ფრთხილად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე გავმართე, რადგან ვიცოდი, რომ რივერა რისკიანი და ძლიერი მეტოქეა. მას უკან დასახევი გზა არ ჰქონდა. ეს მისთვის სადებიუტო ბრძოლა იყო და წარმატების მისაღწევად რივერა აუცილებლად გარისკავდა, სწორედ ამიტომ ოქტაგონზე მაქსიმალური მობილიზებით ვიყავი გასული.

– გქონდა თუ არა გეგმა, როგორ დაასრულებდი ბრძოლას?

– რა თქმა უნდა, მქონდა გეგმა, თუ როგორ მსურდა ბრძოლის წარმართვა და მისი დასრულება. მინდოდა გამარჯვება ვადაზე ადრე მომეპოვებინა. თუმცა რა თქმა უნდა, დაცვით მხარესაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი. მესამე რაუნდში შევეცადე კიდევაც მეტოქის დანოკაუტება, მას რამდენიმე სერიოზული დარტყმაც მივაყენე. ასევე შევეცადე ჩემი ემოციები მაქსიმალურად გამეკონტროლებინა, რათა ამას გამძლეობაზე ცუდად არ ემოქმედა, როგორც წინა ბრძოლებში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჯამში კარგად გამომივიდა. ზოგადად, ჩემთვის ამოცანა იყო, რომ საწყისი სამი ბრძოლა UFC-ის ოქტაგონზე მოგებით დამესრულებინა, რაც საბედნიეროდ გამომივიდა.

– ვისთან გსურს მომდევნო ბრძოლის გამართვა და როდის გინდა კვლავ UFC-ის ოქტაგონზე ასვლა?

– მომდევნო ბრძოლის ჩატარებას ნაჩქარევად არ ვაპირებ. დაველოდები კარგ შემოთავაზებას. თუმცა ჩემი დიდი სურვილია, რომ ბრაზილიელ ედსონ ბარბოსასთან ჩავატარო შემდეგი ბრძოლა. მე და ჩემმა მენეჯერმა ალი აბდელ აზიზმა ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. ვნახოთ რას იტყვის ამაზე თავად ედსონი. შესაძლოა ზაფხულის ბოლოს მოხდეს ჩემი მომდევნო ბრძოლა, თუ მანამდე საბრძოლო კუნძულზე არ შემომთავაზეს რაიმე საინტერესო.

– რაიმე ტრავმა ხომ არ მიგიღია რივერასთან ბრძოლისას?

– განსაკუთრებული ტრავმა არა, თუმცა მცირე დაზიანება მაინც მივიღე. მარჯვენა ფეხი მაქვს დაზიანებული ჩემივე დარტყმებით. ასევე კისერი და ორივე მხარი დაზიანებული მაქვს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ ტრავმებს საკმაოდ მალე მოვირჩენ და ვარჯიშს დავუბრუნდები.