29-ე ტური კრისტალბეთლიგაში - მჭედლიძის დებიუტისა და ლიდერთა მატჩის მოლოდინში
29-ე ტური კრისტალბეთლიგაში - მჭედლიძის დებიუტისა და ლიდერთა მატჩის მოლოდინში
28-29 სექტემბერს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. ტური დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მე-14 თბილისური დერბით გაიხსნება – „საბურთალო“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.
 
თბილისური გუნდების ურთიერთმატჩების ისტორიას რაც შეეხება, ექვსი მატჩი „საბურთალომ“ მოიგო, სამი – „ლოკომოტივმა“, ოთხი კი ფრედ დასრულდა. ორივე გუნდმა რამდენიმე დღის წინ თასის გათამაშების ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და მატჩს მეტოქეები დანაკლისებით ხვდებიან – „საბურთალოდან“ დისკვალიფიცირებულია ლევან კაკუბავა, ხოლო „ლოკომოტივიდან“ – ირაკლი კომახიძე.
დღესვე თბილისის „დინამო“ საკუთარ „დინამო არენაზე“ ბოლნისის „სიონს“ მიიღებს. მასპინძლები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან, ხოლო ბოლნისელები ბოლოდან მეორეზე, რაც მატჩის მნიშვნელობას ზრდის. გუნდები ეროვნულ ლიგაში 65-ე შეხვედრას გამართავენ. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა: 51 მოგება, 5 ფრე და 8 წაგება, ბურთების შეფარდება – 158:38.
ყველაზე დიდი ანგარიში 2000 წელს დაფიქსირდა, როდესაც „დინამომ“ 9:0 მოიგო. გუნდების ბოლო დაპირისპირება 2019 წლის 27 ივნისს ბოლნისში თბილისელთა გამარჯვებით, 0:3 დასრულდა. ამ მატჩის და ტურის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ლევან მჭედლიძეს უკავშირდება – ვიხილავთ თუ არა ეროვნულ ლიგაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დებიუტს, ეს დღეს საღამოს გვეცოდინება.
29-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა კვირას, 29 სექტემბერს, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება – მეოთხეადგილოსანი და ევროპალიგის საგზურისთვის ბებრძოლი ქუთაისის „ტორპედო“ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. ბათუმელებს ამ მნიშნელოვან შეხვედრაში ნიკა საბანაძე და გიორგი ილურიძე ტრავმის გამო დააკლდებათ. ასევე ორი მოთამაშეა „ტორპედოში“ ტრავმირებული – ოთარ კობახიძე და თორნიკე კაპანაძე. მიმდინარე სეზონში „ტორპედო“ ბათუმელთა ყველაზე უხერხული მეტოქეა – კახა ჩხეტიანის გუნდი ერთადერთია, რომელიც ლიდერმა ვერ დაამარცხა: 3 მატჩიდან ორი მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთში ფრე დაფიქსირდა და ბურთების შეფარდებაც „ტორპედოს“ სასარგებლოდაა – 7:4.
მნიშვნელოვანი იქნება „მიხეილ მესხი 2“-ზე დაგეგმილი მატჩი „ვიტ ჯორჯიასა“ (17 ქულა, მე-10 ადგილი) და „რუსთავს“ (33 ქულა, მე-6 ადგილი) შორის. მასპინძლებმა თუ ვერ მოიგეს, დარჩენილ 6 ტურში ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.
ტური გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დასრულდება, სადაც ერთმანეთს სატურნირო ცხრილის სახიფათო ზონაშა მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან – „დილა“ (31 ქულა, მე-8 ადგილი) საჩხერეს „ჩიხურას“ (32 ქულა, მე-7 ადგილი) უმასპინძლებს.
შაბათი, 28 სექტემბერი
საბურთალო – ლოკომოტივი
16:00. მიხეილ მესხი – თბილისი
დინამო თბ – სიონი
18:00. დინამო არენა – თბილისი
კვირა, 29 სექტემბერი
ტორპედო – დინამო ბთ
16:00. 26 მაისი – წყალტუბო
ვიტ ჯორჯია – რუსთავი
18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
დილა – ჩიხურა
20:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი