27 ნოემბრის წილისყრა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებს გამოავლენს #1TVSPORT
27 ნოემბრის წილისყრა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებს გამოავლენს #1TVSPORT

27 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ მიესში, ფიბა-ს პატრიკ ბაუმანის სახელობის კალათბურთის სახლში წილისყრა გაიმართება, რომლის შედეგადაც გავიგებთ, ვინ იქნებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში და სად ჩატარდება თამაშები. მსოფლიოს 24 ქვეყნის ეროვნული გუნდები ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირზე დარჩენილი 4 საგზურისთვის იბრძოლებენ. 4 საკვალიფიკაციო ტურნირი 4 სხვადასხვა ქვეყანაში 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება და თითოეულის გამარჯვებული 4 გუნდი მიიღებს ოლიმპიადის საგზურს.

შეგახსენებთ, რა პრინციპით შეირჩა 24 ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. 5 მათგანია 2023 წლის აგვისტოში გამართული წინასაკვალიფიკაციო ტურნირების გამარჯვებული ნაკრები (პოლონეთი, ხორვატია, კამერუნი, ბაჰრეინი და ბაჰამის კუნძულები). დავაზუსტებთ, რომ ოლიმპიადის წინასაკვალიფიკაციო ტურნირებში კონტინენტების მიხედვით მონაწილეობა მიიღეს იმ ნაკრებებმა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ. ფიბა-მ მსოფლიოზე ვერგასულ გუნდებს დამატებითი შანსი მისცა, ოლიმპიადაზე გასავლელად ბრძოლა გაეგრძელებინათ.

მომდევნო კატეგორია გახლავთ ის საუკეთესო 19 ნაკრები, რომლებმაც 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეს და დაწესებული კვოტირებით ოლიმპიადის საგზური ვერ მიიღეს. აქაც დავაკონკრეტებთ, რომ კვოტირებით მსოფლიოზე ოლიმპიადის საგზურებს იღებდნენ კონტინენტების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები: ევროპისა და ამერიკის – ორ-ორი, ხოლო აზიის, აფრიკის და ავსტრალია/ოკეანიის – თითო საუკეთესო ნაკრები, ჯამში, 7 გუნდი. ესენია: გერმანია, სერბეთი (ევროპიდან), აშშ, კანადა (ამერიკიდან), სამხრეთ სუდანი (აფრიკიდან), იაპონია (აზიიდან) და ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანეთიდან).

ფიბა-მ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის 3 საგზური დამატებით გადასცა მსოფლიოს ჩემპიონატზე კონტინენტების მიხედვით (აფრიკის, ამერიკის და აზია/ოკეანიის) მეორე შედეგის მქონე გუნდებს – შესაბამისად, ეგვიპტეს, პუერტო რიკოს და ახალ ზელანდიას. საქართველო შედის იმ 16 ნაკრებში, რომლებმაც ყველა ზემოთ ნახსენები კრიტერიუმის შესაბამისად განაწილების შემდეგ, მსოფლიოზე ნაჩვენები შედეგით მიიღეს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები. შესაბამისად, მივიღეთ საკვალიფიკაციოს მონაწილე  შემდეგი 24 ქვეყანა:

ეგვიპტე (აფრიკის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), პუერტო რიკო (ამერიკის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), ახალი ზელანდია (ოკეანეთის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), სლოვენია, ლატვია, იტალია, ლიეტუვა, ესპანეთი, მონტენეგრო, ბრაზილია, დომინიკელთა რესპუბლიკა, საბერძნეთი, საქართველო, ფინეთი, ლიბანი, ფილიპინები, მექსიკა, ანგოლა, კოტ დ’ივუარი (საუკეთესო 16 ნაკრები ყველა კონტინენტიდან კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), კამერუნი (აფრიკის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), ბაჰამები (ამერიკის წინსაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), ბაჰრეინი (აზიის წინსაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), პოლონეთი, ხორვატია (ევროპის წინსაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულები).

27 ნოემბრის წილისყრის შედეგად 24 გუნდი გაიყოფა 4 ნაწილად. თითოეული საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. შესაბამისად, ერთ ტურნირში (ლოკაციაზე) თავს მოიყრის 6 ნაკრები, რომლებიც 27 ნოემბრის წილისყრის შედეგად 2 ჯგუფში გაიყოფიან. ერთ წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.

27 ნოემბერს ფიბა-ს კალათბურთის სახლში დაგეგმილ წილისყრას გაუძღვება წარსულში ნბა-ს ცნობილი კალათბურთელი ლუოლ დენგი, რომელიც ამჟამად სამხრეთ სუდანის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. წილისყრას დაესწრება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.