აგადირის გრან პრი სამი ქართველი ძიუდოისტით და საქართველოს ნაკრების გარეშე
აგადირის გრან პრი სამი ქართველი ძიუდოისტით და საქართველოს ნაკრების გარეშე

მაროკოს ქალაქ აგადირში დღეს წლის მეორე გრან პრი დაიწყო.  ტურნირზე 38 ქვეყნის 241 სპორტსმენი დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ქართველები არ არიან. უფრო სწორად არ არიან საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტები, თორემ სამი ქართველი, მაროკოში სხვადასხვა ქვეყნის ღირსებას დაიცავს.

-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პორტუგალიის ღირსებას, 2016 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისტი – ანრი ეგუტიძე დაიცავს. 22 წლის ძიუდოისტი პირველ წრეში დაისვენებს, მერვედფინალში კი მასპინძელ – ისმაილ ბელგაიდსა და ფრანგ – ნიკოლას ჩილარს შორის მოგებულს შეხვედბა.

-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, უკრაინისთვის მორიგი მედლის მოპოვებას შეეცდება გიორგი ზანთარაია. უკრაინის სახელით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ზანთარაიაც ტურნირში ასევე მერვედფინალიდან ერთვება, სადაც სლოვენილე ადრიან გომბოკს დაუპირისპირდება.

მესამე ქართველი, რომელიც სხვა ქვეყნის სახელით და საერთოდ სხვა სახელით ასპარეზობს – ბეთქილ შუკვანია. ბექირ ოზლუ, როგორც მას თურქეთში იცნობენ,  უმსუბუქეს წონაში სწორედ ამ ქვეყნის ღირსებას იცავს და მერვედფინალში მაროკოელ – სულთან ჩორფის შეხვდება. აქვე შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრებს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი – ირაკლი უზნაძე წრთვნის, ასისტენტი კი დავით ასუმბანია.

ზანთარაია და ოზლუ ტურნირში დღეს ჩაერთვებიან, ეგუტიძე კი ხვალ 10 მარტს იასპარეზებს.