რამდენიმე პირი 24 იანვარს კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს
რამდენიმე პირი 24 იანვარს კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 იანვარს, კომენდანტის საათის დროს გამართული აქციის მონაწილეების ნაწილის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო. ორ-ორი ათასი ლარით სულ 15 დემონსტრანტი დაჯარიმდა.

დაჯარიმებულებს აქციის სხვა მონაწილეებმა გამოუცხადეს სოლიდარობა და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ 11 პირი დაიბარა, რის გამოც, ისინი აქციის სხვა მონაწილეების დაჯარიმებასაც ითხოვდნენ და ჯარიმებს არაკონსტიტუციურს უწოდებდნენ.

დღეს ასევე დააჯარიმეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მყოფი პირების ნაწილი, რომლებიც უწყებაში დაბარებულთა შორის არ იყვნენ, თუმცა თავად დაადასტურეს კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტი.

დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. მათმა ნაწილმა ჯარიმის გამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი ადგილზე გაანადგურა.