23-ე ტური „კრისტალბეთლიგაში“ - ლიდერთა შეხვედრა გადაიდო
23-ე ტური „კრისტალბეთლიგაში“ - ლიდერთა შეხვედრა გადაიდო

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ საშემოდგომო ეტაპი დაიწყო და მასში ნელ-ნელა ევროსარბიელიდან გამოვარდნილი გუნდები ერთვებიან, თუმცა, ორი მათგანი თამაშს ისევ გამოტოვებს.

დღეს, 10 აგვისტოს, 23-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართება. პირველი მატჩი გორში ჩატარდება, სადაც „დილა“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს და მეტოქესთან ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება

დღესვე აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ „მიხეილ მესხი 2“-ზე ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. ქულები ორივეს ჰაერივით სჭირდება – მასპინძლებს ბოლო ადგილიდან თავის დასაღწევად, ხოლო ბათუმელებს – თბილისის „დინამოსთან’ დასაწევად.

კვირას, 11 აგვისტოს, საჩხერეს „ჩიხურა“ ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის „სიონს“ შეხვდება და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება.

ქუთაისის „ტორპედო“ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე „რუსთავს’ შეხვდება – მასპინძლებს სამი ქულა იმისთვის სჭირდებათ, რომ მოწინავე სამეულთან სიახლოვე შეინარჩუნონ, სტუმრებს კი – „ვიტ ჯორჯიასთან“ სხვაობის გასაზრდელად.

23-ე ტურის ცენტრალური მატჩი არ შედგება – ლიდერი თბილისის „დინამოსა“ და მეორეადგილოსანი „საბურთალოს“ შეხვედრა გადადებულია, რადგან ევროთასებზე შემორჩენილი ორივე ქართული ევროპის ლიგის მნიშვნელოვანი განმეორებითი თამაშისთვის ემზადება.

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა“. 23-ე ტური

შაბათი, 10 აგვისტო

დილა – ლოკომოტივი

19:00. თენგიზ ბურჯანაძე- გორი

ვიტ ჯორჯია – დინამო ბთ

21:00. მიხეილ მესხი2 – თბილისი

კვირა, 11 აგვისტო

ჩიხურა – სიონი

17:30. ცენტრალური – ივანწმინდა

ტორპედო – რუსთავი

17:30. 26 მაისი – წყალტუბო

დინამო თბ – საბურთალო

20:00. შეხვედრა გადადებულია

დატოვე კომენტარი