22 ქულა და ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილი ქულებით საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
22 ქულა და ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილი ქულებით საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პარალელურად, NBA-ის განვითარების ლიგაც მიმდინარეობს, სადაც სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდი“ ძალიან კარგად გამოიყურება. „მილუოკი ბაქსის“ G ლიგის გუნდი „ინდიანა პეისერსის“ „მედ ენტსს“ ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა და წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად მარტივი გამარჯვება მოიპოვა 114-102.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 28 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. ის ორივე გუნდის მხრიდან ქულებით საუკეთესო იყო. სანდრომ 22 ქულა, 10 მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა. 22 წლის მძიმე ფორვარდმა საშუალო დისტანციიდან 11-დან 8 ბურთი გამოიყენა, სამქულიანი 3-დან 1 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზთან კი 4-ჯერ დადგა და კალათში ბურთი 2-ჯერ მოათავსა. მან 2-ჯერ დაკარგა ბურთი და მთელი მატჩის განმავლობაში არც ერთხელ არ დაჯარიმებულა.

 

რაც შეეხება მატჩს, წინა შეხვედრის მსგავსად, აქაც პირველ ტაიმში უპირატესობას „მედ ენტსი“ ფლობდა, მაგრამ ვისკონსინელებმა გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს და ამ სეზონში მე-5 გამარჯვება იზეიმეს. „ჰერდი“ შეუჩერებელია და G ლიგაში 5-დან 5 მოგებით პირველ ადგილზე იმყოფებიან.

შემდეგ შეხვედრას „ვისკონსინ ჰერდი“ 20 ნოემბერს გამართავს.

დატოვე კომენტარი