21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან იწყება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოში უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა იწყება. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიება დღეს, 26 მარტს ბათუმში, ერას მოედანზე გაიმართება და 19:00 საათიდან დაიწყება.

თასი ბათუმის ქუჩებს მოივლის და ევროპის მოედანს მიადგება, სადაც მასპინძელ ქალაქში თასის შემოტანის საზეიმო ცერემონიასთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერლები და ბენდები, მათ შორის, ნუცა ბუზალაძე, სალიო, ანსამბლი „შვიდკაცა“, სოფო ხალვაში და სხვადასხვა ადგილობრივი ბენდი.

ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას 19:30 საათიდან აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

სოფო ხალვაში, ბათუმის მერის მოადგილე: „21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა სწორედ ბათუმიდან იღებს სტარტს. ღონისძიება 19:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება. ყველას ველოდებით, რადგან მაყურებელს განსაკუთრებული ღონისძიება ელოდება“.

დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი: „სამ თვეზე ნაკლები დარჩა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა როგორც ქართული სპორტისთვის, ასევე ქვეყნისთვის. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოსა და აჭარის მთავრობას და მასპინძელი ქალაქების – ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის ადმინისტრაციებს.

დღეს ევროპის ჩემპიონის თასი იწყებს მოგზაურობას – მასპინძელი ქალაქების გარდა, თასი იმოგზაურებს სტეფანწმინდაში, ამბროლაურში, მესტიაში… მადლობა აჭარის ხელმძღვანელობას, რომელმაც ამ ლამაზი დღის ორგანიზებაზე იზრუნა. მინდა, რომ წარმატებული იყოს საქარველოში ამ თასის ჩამოსვლა. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს გუნდს, რომელიც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს“.

მაია ხაჯიშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი: „დღეს ბათუმი იქნება იმ ისტორიული მოვლენის მომსწრე და მონაწილე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპინატის მასპინძლობას.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი შეხვდეს ამ ღონისძიებას ისე, როგორც შეეფერება სპორტისა და ფეხბურთის გულშემატკივრობის დიდი ისტორიის მქონე ქალაქს.

პროგრამა, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენი ქალაქის მცხოვრებელს, სტუმრებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც აღნიშნავს ამ დღეს ჩვენთან ერთად, მორგებული იქნება ახალგაზრდებზე და გათვალისწინებული იქნება ყველა თაობის ინტერესი, ამავდროულად, ეს იქნება საზეიმო განწყობისთვის და სპორტული ტურიზმის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ღოსნიძიება.

წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ბენდები, ბათუმის უნივერსიტეტის ჯაზბენდი, იმღერებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები. მნიშვნელოვანია, რომ დღეს შედგეს ჩვენი მოსახლეობის ერთიანობა და მთელი ქალაქი დავხვდეთ თასს ისე, როგორც შეგვეფერება“.