21-წლამდე ნაკრებს სვანაძე უხელმძღვანელებს
21-წლამდე ნაკრებს სვანაძე უხელმძღვანელებს

რამაზ სვანაძე საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს უხელმძღვანელებს. 39 წლის სპეციალისტი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 2023 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„ევროპის რანგით მეორე სანაკრებო ტურნირი, 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს საქართველოსა და რუმინეთში ერთობლივად ჩატარდება. ჩემპიონატის ორივე მასპინძელი ნაკრები საქართველო და რუმინეთი უკვე ფლობენ ფინალური ეტაპის საგზურს. აღნიშნული ქვეყნის ნაკრებებს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა არ მოუწევთ და მიმდინარე წლის მარტიდან, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს გამართავენ“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

ფედერაციის პრესსამსახური განმარტავს, ახალგაზრდა სპეციალისტი რა დამსახურებების გამო დაინიშნა: „რამაზ სვანაძე 2019 წლიდან დღემდე, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 19-წლამდე ნაკრებმა 2019 წელს, მისი ხელმძღვანელობით საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. რამაზ სვანაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთ შეხვედრაში ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა სპეციალისტმა 2020 წლის 18 ნოემბერს, უეფა-ს ერთა ლიგის შეხვედრაში ესტონეთის წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავა“.