2029 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რიცხვი შეიძლება 48-მდე გაიზარდოს #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) მოელაპარაკა ერთობლივი ორგანიზაციის შექმნაზე ლობისტურ ჯგუფ Football Clubs-ს (ევროპული კლუბების ასოციაცია). ამ თანამშრომლობის მიზანია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატით ორგანიზება.
ბრიტანული გაზეთის Guardian-ის ინფორმაციით, ფიფა-ს ამ ნაბიჯის სავარაუდო შედეგი იქნება ტურნირის მონაწილეთა რიცხვის გაფართოება 32-დან 48 გუნდამდე, ასევე ჩემპიონატზე პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლობის გაზრდა.
გასულ წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა. ჩემპიონი ლონდონის „ჩელსი“ გახდა, რომელმაც 84 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. ამ ფონზე ევროპული კლუბები ტურნირის გაფართოების ინიციატივით გამოვიდნენ.
2025 წლის ჩემპიონატში ევროპას წარმოადგენდა 12 გუნდი, ამასთან, რამდენიმე გრანდი არ იღებდა მონაწილეობას, კერძოდ, ვერ მოხვდნენ ჩემპიონატზე „ლივერპული“, „ბარსელონა“ და „ნაპოლი“ – 2024-25 წლების სეზონში ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონები.
ევროპიდან მონაწილეობის უფლება ჰქონდათ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხ გამარჯვებულს და უეფა-ს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე რვა კლუბს. გარდა ამისა, ფიფა-ს დაწესებული ჰქონდა შეზღუდვა – არა უმეტეს ორი მონაწილისა ერთი ქვეყნიდან. ამან გავლენა იქონია ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენელთა რიცხვზე.
Football Clubs-ს სურს ამ შეზღუდვის მოხსნა, რაც საშუალებას მისცემს პრემიერლიგას გაზარდოს თავისი კლუბების რიცხვი ტურნირზე, რადგან დღეს უეფა-ს რეიტინგის TOP8-ში შედიან „არსენალი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“.
სავარაუდოდ, ევროპული კლუბების ასოციაცია იმის დამტკიცებას შეეცდება, რომ ევროპული კლუბების რაოდენობის გაზრდა აამაღლებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის კომერციულ ღირებულებას, მით უმეტეს, რომ ფიფა-ს პრობლემები ჰქონდა ტურნირის სატელევიზიო უფლებების გაყიდვის კუთხით.
შეგახსენებთ, რომ ევროპული კლუბების ასოციაციას „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი ხელმძღვანელობს. ორგანიზაცის 700-ზე მეტ ევროპულ კლუბს აერთიანებს, მათ შორის, ყველაზე ტიტულოვანებს.