2027 წლამდე „რიო ავეში“ - ქარსელაძემ პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
2027 წლამდე „რიო ავეში“ - ქარსელაძემ პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიგის, პორტუგალიის ჩემპიონატის კლუბ „რიო ავესთან“ გიორგი (ჟორჟე პორტუგალიური ვარიანტია) ქარსელაძემ კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„ტრანსფერი დაიხურა! ახალგაზრდა გიორგი ქარსელაძემ, რომელიც „რიო ავეში“ უკვე ვარჯიშობდა, კლუბთან პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი. 18 წლის პორტუგალიელი ქართველი „რიო ავეს“ 9 წლის ასაკიდან წარმოადგენდა. მან კონტრაქტი ოთხი სეზონით, 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.

ქარსელაძე არის „რიო ავეს“ აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო აღზრდილი, რომელმაც აჩვენა მაღალ დონეზე თამაშის პოტენციალი და წინსვლის საშუალება მიეცა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 18 წლის ასაკში შედგა. ქარსელაძეს შესაძლებლობა ექნება, დაამტკიცოს თავი „რიო ავეს“ საფეხბურთო პირამიდის მწვერვალზე“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

„ვილა დო კონდეს“ აკადემიის აღზრდილი ქარსელაძე პოზიციით მარჯვენა მცველია. თავდაპირველად „რიო ავეს“ 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, 2022/23 წლების სეზონში კი 23-წლამდელებში დააწინაურეს, საბოლოოდ კი პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ფრეირის ნდობა მოიპოვა და ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში პორტუგალიის ჩეპიონატში ითამაშა.

„ახლა ქარსელაძე ძირითად გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრებაზეა. ქარსელაძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე კვირის წინ სადებიუტო თამაში ჩაატარა. თუმცა, ის ფაქტი, რომ ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ასევე არის შესაძლებლობა, გამოიძახონ პორტუგალიის ასაკობრივ ნაკრებში, თუ ასეთი სცენარი გათამაშდება“, – წერს პორტუგალიური გამოცემა zerozero.