2025 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ საქართველოს ნაკრები მეხუთე კალათაში მოხვდა #1TVSPORT
2025 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ საქართველოს ნაკრები მეხუთე კალათაში მოხვდა #1TVSPORT

8 აგვისტოს კალათბურთში ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა, რომელიც 32 ქვეყნის ნაკრებს 8 ჯგუფში გაანაწილებს და გუნდები კონტინენტის პირველობის 24 საგზურისთვის ბრძოლას გააჩაღებენ.

დღეს, 7 აგვისტოს FIBA-მ გუნდები 8 კალათში გაანაწილა, რომლის მიხედვითაც ისინი ჯგუფებში ადგილებს დაიკავებენ.

გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებშიც ევრობასკეტი 2025-ის მასპინძლები იქნებიან, საგზურებს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს; კვიპროსის, ლატვიის, პოლონეთისა და ფინეთის ჯგუფებიდან კი – ამ გუნდებს დამატებული 2 საუკეთესო. მაგალითისთვის, თუ პოლონეთმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფის პირველ და მე-3 ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.

პირველი კალათა: ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია.
მეორე კალათა: ლიეტუვა, საბერძნეთი, იტალია, გერმანია.
მესამე კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, თურქეთი, მონტენეგრო.
მეოთხე კალათა: ფინეთი, ხორვატია, უკრაინა, ლატვია.
მეხუთე კალათა: ბელგია, საქართველო, ისრაელი, ბოსნია ჰერცოგოვინა.
მეექვსე კალათა: უნგრეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ბულგარეთი.
მეშვიდე კალათა: დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.
მერვე კალათა: პორტუგალია, დანია, სლოვაკეთი, კვიპროსი.

ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებს ერთი გუნდი პირველი კალათადან შეხვდება, მეორე – მეოთხედან, ხოლო მესამე – მერვედან.

2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სამ სანაკრებო ფანჯარაში ჩატარდება. პირველი ფანჯარა 2024 წლის 19 დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, მეორე – 2024 წლის 18-26 ნოემბერს, ხოლო მესამე – 2025 წლის 17-25 თებერვალს. თითოეულ ფანჯარაში ნაკრებები 2-2 თამაშს ითამაშებენ.

ევრობასკეტი 2025-ის წილისყრა 8 აგვისტოს თბილისის დროით 13:30 საათზეა დაგეგმილი. კალათბურთში კონტინენტის პირველობა 2025 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება.