2025 წლიდან საკლუბო მსოფლიო თასზე 32 გუნდი ითამაშებს – 12 გუნდი ევროპიდან იქნება, 6 – სამხრეთ ამერიკიდან #1TVSPORT

08:59, 15.02.2023

ცნობილი გახდა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოების დეტალები. რამდენიმე თვის წინ ფიფა-მ მიიღო გადაწყვეტილება – 2025 წლიდან კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი ითამაშებს.

სამშაბათს ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გამოაცხადა, რამდენი გუნდი ეყოლება თითოეულ კონტინენტს მსოფლიო ჩემპიონატზე: 12 – ევროპას, 6 – სამხრეთ ამერიკას, 4 – აფრიკას, აზიასა და კონკაკაფ-ს, 1 – ოკეანეთს.

კიდევ ერთ ადგილს მიიღებს კლუბი იმ ქვეყნიდან, რომელიც ტურნირს უმასპინძლებს.

ახალი ფორმატით ტურნირი 2025 წლის ივნის-ივლისში გაიმართება.

გარდა ამისა, ფიფა-ს მმართველმა საბჭომ სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო: კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ გათამაშებას საუდის არაბეთი უმასპინძლებს. ეს მოხდება ამა წლის 12-22 დეკემბერს და ტურნირი ძველი ფორმატით გაიმართება.

გარდა ამისა, საბჭომ გადაწყვიტა, რომ კანადა, მექსიკა და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე კვალიფიცირებულნი არიან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე, რომელიც სწორედ ამ სამ ქვეყანაში გაიმართება.

მსგავსი