2024-25 წლების სეზონში ტრებლის შესრულებაზე 4 პრეტენდენტი დარჩა - ყველაზე დიდი შანსი პსჟ-ს აქვს #1TVSPORT
2024-25 წლების სეზონში ტრებლის შესრულებაზე 4 პრეტენდენტი დარჩა - ყველაზე დიდი შანსი პსჟ-ს აქვს #1TVSPORT

2024-25 წლების სეზონის დასკვნით ნაწილში TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან მხოლოდ ოთხ გუნდს დარჩა ტრებლის შესრულების შანსი: „პარი სენ-ჟერმენს“, „ბარსელონას“, „რეალსა“ და „ინტერს“.

 

პსჟ

ბუკმეიკერების შეფასებით, ამ ოთხეულიდან სეზონში სამი ტურნირის მოგების ყველაზე მაღალი შანსი აქვს „პარი სენ-ჟერმენს“ – 21 პროცენტი. პარიზულმა კლუბმა უკვე ოფიციალურად გაინაღდა ჩემპიონობა – ლიგა 1-ის დამთავრებამდე ექვსი ტურით ადრე.

91 პროცენტს აძლევენ პსჟ-ს საფრანგეთის თასის მოგებაზე: მან გაიარა ნახევარფინალური ბარიერი ქვედალიგელი „დუნკერკის“ წინააღმდეგ და 23 მაისს ფინალში „რეიმსს“ შეხვდება, რომელიც ლიგა 1-ში გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოსაა.

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ ტიტულზე მეორე ფავორიტია „რეალის“ შემდეგ – 22 პროცენტი. მეოთხედფინალში პარიზელები „ასტონ ვილას“ შეხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში „რეალსა“ და „არსენალს“ შორის მოგებულზე გავლენ.

 

ბარსელონა

ტრებლზე მეორე ფავორიტია „ბარსელონა“ – 7 პროცენტი. ჩემპიონატში კატალონელები ოთხი ქულით ასწრებენ „რეალს“ და 10 ქულით – „ატლეტიკოს“. „ბარსელონას“ შანსები ტიტულზე 77 პროცენტით ფასდება.

ესპანეთის თასზე „ბარსელონამ“ ნახევარფინალში „ატლეტიკო“ დაამარცხა და 25 აპრილს ფინალში „რეალს“ შეხვდება. ამ ტურნირზე „ბარსას“ შანსები 50/50-ზე ფასდება.

ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ მეტოქე „დორტმუნდია“ და ამ დაპირისპირებაში კატალონელები აშკარა ფავორიტები არიან. ტიტულის მოპოვებაზე კი ჰანსი ფლიკის გუნდის შანსებს 25 პროცენტით აფასებენ.

ასე რომ, „ბარსელონას“ არცერთ ტურნირზე არაფერი აქვს გარანტირებული და ამიტომაც მის შანსებს ტრებლის შესრულებაზე მოკრძალებული შეფასება აქვს.

 

რეალი

სამი ტიტულის მოგებაზე მადრიდის „რეალის“ შანსები 6 პროცენტით ფასდება. „რეალი“ ოთხი ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“ ლა ლიგაში და მას ესპანეთის თასის ფინალში შეხვდება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მადრიდელებს ელოდებათ მეოთხედფინალი „არსენალთან“. ამ ტურნირზე „რეალის“ მოგების შანსი 25 პროცენტით ფასდება.

საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე გამარჯვება სავსებით რეალურია. შარშან ტრებლს ხელი შეუშალა ესპანეთის თასიდან ადრეულმა გავარდნამ, რომელიც „რეალს“ „ატლეტიკომ“ მოუწყო 2024 წლის იანვარში.

 

ინტერი

ტრებლის შესრულებაზე 4-პროცენტიანი შანსი აქვს „ინტერს“.

მილანური კლუბი ოთხი ქულით ასწრებს „ნაპოლის“ სერია A-ში, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. ბუკმეიკერები „ინტერს“ ჩემპიონობაზე 78 პროცენტს აძლევენ. სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც „ბარსელონასა“ და „რეალის“ შემთხვევაში, თუმცა „ინტერისა“ და „ნაპოლის“ გზები ამ სეზონში აღარ გადაიკვეთება.

იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერმა“ პირველი მატჩი სტუმრად 1:1 ითამაშა „მილანთან“. ამ წყვილში მოგებულს ფინალში, დიდი ალბათობით, „ბოლონია“ ელოდება, რომელმაც პირველ მატჩში „ემპოლი“ არ დაინდო (3:0). თასის მოგებაზე „ინტერს“ 42 პროცენტს აძლევენ.

ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერი“ მეექვსე პრეტენდენტია რვა დარჩენილ მონაწილეს შორის – 8 პროცენტი ტიტულზე. მეოთხედფინალში მისი მეტოქე „ბაიერნია“, რომელსაც ჯამალ მუსიალა დაემტვრა, ხოლო ნახევარფინალში ამ წყვილში გამარჯვებულს „ბარსელონასა“ და „დორტმუნდს“ შორის მოგებული ელოდება.

მოკლედ, საშინაო ტურნირებზე „ინტერს“ შესანიშნავი შანსები აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ამოცანა გაცილებით რთულია.