2022/2023 წლის ერთა ლიგის გათამაშებაში მესამე ადგილზე იტალიის ნაკრები გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

უეფა-ს ერთა ლიგის 2022/2023 წლის სეზონის გათამაშების მესამეადგილოსანი იტალიის ეროვნული ნაკრები გახდა. ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში „სკუადრა აძურამ“ ოთხთა ფინალის მასპინძელი, ნიდერლანდების ნაკრები 3:2 დაამარცხა.

ტურნირის ნახევარფინალურ მატჩში იტალია ესპანეთთან დამარცხდა, ხოლო ნიდერლანდები – ხორვატიასთან. ბრინჯაოს ფინალში თავიდანვე უპირატესობა რობერტო მანჩინის შეგირდებმა მოიპოვეს და უკვე მე-20 წუთზე ორბურთიანი (6. დიმარკო, 20. ფრატეზი)  უპირატესობით დაწინაურდნენ – 2:0.

მეორე ტაიმში მასპინძლები უფრო გააქტიურდნენ, სტივენ ბერგვაინმა 68-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, თუმცა ძალიან სწრაფად, 72-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ იტალიელები კვლავ ორი ბურთით გაიყვანა წინ. შეხვედრის მიწურულს ჟორჟინიო ვაინალდუმმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა ნიდერლანდელთათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

იტალიის ნაკრებისთვის ერთა ლიგაზე ეს უკვე მეორე ბრინჯაოს მედალია. 2021/2022 წლის გათამაშებაშიც მანჩინის შეგირდებმა მესამე ადგილი დაიკავეს, მაშინ მათ ბელგია დაამარცხეს.

ერთა ლიგის 2022/2023 წლის გათამაშების ფინალში ერთმანეთს ხორვატია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ნიდერლანდები-იტალია 2:3

გოლები: დიმარკო (6), ფრატეზი (20), ბერგვაინი (68), კიეზა (72), ვაინალდუმი (89).

ნიდერლანდები: ბილოუ, დუმფრისი, გერტრუიდა (46. ვაინალდუმი), ვან დაიკი, აკე, ვიფერი (76. ვეერმანი), დე იონგი, სიმონსი (63. კოოპმაინერსი), მალენი (46. ბერგვაინი), გაკპო, ლანგი (46. ვეგჰორსტი).

იტალია: დონარუმა, დიმარკო (74. სპინაცოლა), ბონჯორნო, აჩერბი, ტოლოი, ვერატი (85. ბარელა), კრისტანტე, ფრატეზი, ნიონტო (63. ძანიოლო), რეტეგი (85. პელეგრინი), რასპადორი (63. კიეზა).