2021 წელს საქართველო ევროპის სამ ჩემპიონატს უმასპინძლებს
2021 წელს საქართველო ევროპის სამ ჩემპიონატს უმასპინძლებს

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოედგილემ, შალვა გოგოლაძემ 2021 წელს საქართველოში გასამართ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე ისაუბრა.

შალვა გოგოლაძე: „პირველი იქნება თებერვალში დაგეგმილი სკიკროსი, შემდეგ გრანდ სლემი ძიუდოში. მოგეხსენებათ, რომ გრან პრის ეტაპებს ვიღებდით ხოლმე ყოველწლიურად, ახლა ერთი ეტაპით მაღლა აიწია და უკვე გრანდ სლემს ვუმასპინძლებთ. ეს არის ძალიან მაღალი რანგის შეჯიბრი.

თებერვალში ასევე გაიმართება ბაბლი – კალათბურთის ტურნირი. ჩატარდება კრივში, კარატესა და ხელბურთში  ევროპის ჩემპიონატები. დარწმუნებული ვარ, იმ პროტოკოლებით, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე შემუშავდა, ჩვენ სრულყოფილად და მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ ამ ტურნირებს, ისევე, როგორც სხვა წლებში ვმასპინძლობდით“.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოედგილემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტურნირების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის აქტიურად თანამშრომლობენ საგანგებო საბჭოსთან და შესაბამის სამსახურებთან. შალვა გოგოლაძის თქმით, სპორტული ღონისძიებების გამართვის დროს, აგრეთვეე გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო გამოცდილება და რეკომენდაციები.