2020 წელს მსოფლიოს პირველი ჩემპიონი კანადის ნაკრები გახდა | ჰოკეი
2020 წელს მსოფლიოს პირველი ჩემპიონი კანადის ნაკრები გახდა | ჰოკეი

2020 სპორტული წლის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოკეიში კანადის 20-წლამდელთა ნაკრები გახდა, რომელმაც ჩეხეთში გამართული პირველობის ფინალში რუსეთის ნაკრები 4:3 დაამარცხა.

მესამე პერიოდის შუაში რუსეთი კომფორტული უპირატესობით იგებდა – 3:1, მაგრამ დარჩენილ დროში კანადელებმა სამი შაიბა გაიტანეს. გამარჯვების გოლი სირენამდე ოთხი წუთით ადრე აკილ ტომასმა გაიტანა.

კანადამ ისტორიაში მეთვრამეტედ მოიპოვა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედლები, რუსეთი კი ჩემპიონის ტიტულს 2011 წლის შემდეგ ელოდება.

ფინალამდე გაიმართა მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც შვედეთმა შარშანდელი ჩემპიონი ფინეთი დაამარცხა – 3:2.

ტურნირის დასრულების შემდეგ, გამოაცხადეს სიმბოლური ნაკრები, რომელშიც მოხვდნენ:

მეკარე – ჯოელ ჰოფერი (კანადა);

მცველები – ალექსანდრ რომანოვი (რუსეთი), რასმუს სანდინი (შვედეთი);

ფორვარდები – სამუელ ფაგემო (შვედეთი), ბარეტ ჰეიტონი (კანადა), ალექსი ლაფრენიე (კანადა).

ორგანიზატორებმა დაასახელეს საუკეთესოები ამპლუების მიხედვით: მეკარე – ჰოფერი (კანადა), მცველი – სანდინი (შვედეთი), ფორვარდი – ლაფრენიე (კანადა).

საუკეთესო ბომბარდირი გახდა შვედეთის ნაკრების ფორვარდი სამუელ ფაგემო – 13 ქულა (8+5) შვიდ მატჩში.

ტურნირის MVP (ყველაზე ღირებული მოთამაშე) გახდა ალექსი ლაფრენიე.