2020 წელს მესი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას ითხოვდა - გვარდიოლას ბიოგრაფმა ლეოსა და პეპს შორის უსიამოვნო დიალოგი გაიხსენა #1TVSPORT
2020 წელს მესი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას ითხოვდა - გვარდიოლას ბიოგრაფმა ლეოსა და პეპს შორის უსიამოვნო დიალოგი გაიხსენა #1TVSPORT

2020 წლის აგვისტოში ლიონელ მესის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სურდა, რათა ისევ ეთანამშრომლა პეპ გვარდიოლასთან, მაგრამ ესპანელმა მწვრთნელმა არ მოისურვა არგენტინელის სურვილის ასრულება.

ამის შესახებ წერია ჟურნალისტ მარტი პერარნაუს წიგნში – „ღმერთო, დაიფარე პეპი“, რომელიც 2024 წლის მარტში გამოვა.

მესი დიდი ხანი უკმაყოფილო იყო „ბარსელონას“ ხელმძღვანელობით, მაგრამ 2020 წელს მისმა იმედგაცრუებამ ზღვარს მიაღწია. მან მიმართა თავის მეგობარს, სერხიო აგუეროს, რომელსაც უნდა გაერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა ლეოს გადასვლა „მანჩესტერ სიტიში“. აგუერომ ეს საკითხი კლუბის ხელმძღვანელობასთან განიხილა, მომდევნო დღეს კი გვარდიოლამ მესისგან შეტყობინება მიიღო.

ძალიან მალე ფეხბურთელი და მწვრთნელი ბარსელონაში შეხვდნენ ერთმანეთს. მესიმ გაუმხილა გვარდიოლას „ბარსელონას“ მაშინდელი პრეზიდენტის, ჟოზეპ ბარტომეუს მიმართ საკუთარი პრეტენზიები და დაამატა: „მინდა, უბრალოდ გავწყვიტო ეს ურთიერთობები“.

ამის შემდეგ მესისა და გვარდიოლას შორის ასეთი დიალოგი შედგა:

– „მანჩესტერ სიტიში“ ძალიან ბევრს და მონდომებით ვვარჯიშობთ…

– მონდომებით ვივარჯიშებ, არ ინერვიულო.

– ხანგრძლივი ტაქტიკური მეცადინეობები მაქვს. შენთვის შეიძლება მოსაწყენი იყოს.

– გავუძლებ ყველაფერს, რაც არ უნდა მომთხოვო.

– ლეო, ჩვენ დიდები გავხდით… შესაძლოა, ჩვენ ვერ შევძლოთ ერთმანეთის ატანა.

საბოლოოდ, მესი დარჩა „ბარსელონაში“, მაგრამ ერთი სეზონით. მომდევნო ზაფხულში კატალონურმა კლუბმა აღარ გააგრძელა კონტრაქტი ლეგენდარულ მოთამაშესთან და ისიც „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.