2020 წელს, „ფერარიში“ პილოტთა დუეტი არ შეიცვლება
2020 წელს, „ფერარიში“ პილოტთა დუეტი არ შეიცვლება

იტალიური საჯინიბო „ფერარის“ ხელმძღვანელმა მატია ბინოტომ განაცხადა, რომ არ აპირებს მომავალი სეზონისთვის პილოტთა დუეტის შეცვლას. ასე რომ, 2020 წელსაც, „ფერარის“ ბოლიდებით ტრასაზე გერმანელი სებასტიან ფეტელი და მონაკოელი შარლ ლეკლერი გავლენ.

„ჩვენს განკარგულებაშია ორი უმაღლესი კლასის მრბოლელი, ასე რომ, მე ვერ ვხედავ მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის შეცვლის მიზეზს. ორივეს გააჩნია მოქმედი კონტრაქტი. ეჭვი არ მეპარება, რომ ფეტელი ჩვენთან იქნება 2020 წელს.

რაც შეეხება ლეკლერს, ის სადებიუტო სეზონში ძალიან კარგად უმკლავდება ზეწოლას. დიახ, ის ხშირად ცდება, მაგრამ სწავლობს და ცდილობს, აღარ გაიმეოროს ხარვეზები“, – მოჰყავს გაზეთ „მარკას“ (Marca) იტალიელის სიტყვები.

ამ მომენტისთვის, ფეტელი და ლეკლერი, შესაბამისად 156 და 132 ქულებით, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან გენერალურ კლასიფიკაციაში. ფეტელი ლიდერ ჰემილტონს 96 ქულით ჩამორჩება. კონსტრუქტორთა თასზე „ფერარის“ 288 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა.