2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს სტამბოლი უმასპინძლებს
2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს სტამბოლი უმასპინძლებს

უეფა-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2019-20 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება.

მატჩს უმასპინძლებს ათათურქის ოლიმპიური სტადიონი, რომელიც 76 092 მაყურებელს იტევს. ამ არენაზე ერთხელ უკვე გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როცა 2005 წელს „ლივერპულმა“ პენალტების სერიაში „მილანი“ დაამარცხა (3:3, პენალტებით – 3:2).

ასევე გაირკვა, რომ 2019-20 წლების სეზონში ევროპის ლიგის ფინალს პოლონეთის ქალაქი გდანსკი უმასპინძლებს. იქაურ სტადიონზე, რომლის ტევადობა 44 000 მაყურებელია, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის მატჩები იმართებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალები, შესაბამისად, მადრიდსა და ბაქოში გაიმართება.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს უეფა-ს სუპერთასის მატჩი პორტუში, „დრაგაუს“ სტადიონზე (52 000 მაყურებელი) ჩატარდება.