2019 წელს კრიშტიანო რონალდო დაპატიმრებას გადაურჩა #1TVSPORT
2019 წელს კრიშტიანო რონალდო დაპატიმრებას გადაურჩა #1TVSPORT

ცნობილი გახდა ახალი დეტალები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს საქმეზე, რომელშიც მოდელი კეტრინ მაიორგა ფეხბურთელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

2017 წელს, გერმანულ გაზეთ Der Spiegel დაიბეჭდა სტატია იმის შესახებ, რომ 2009 წელს კრიშტიანო რონალდომ გააუპატიურა მაიორგა ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში. 2010 წელს გოგონა დათანხმდა სასამართლოსწინა შერიგებას და დუმილის სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი მიიღო.

2018 წლის ოქტომბერში ლას ვეგასის პოლიციამ განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება დაზარალებულის მოთხოვნით გაგრძელდა. 2019 წელს კი საქმის განხილვა შეწყდა იმის საფუძველზე, რომ კრიშტიანო რონალდოს მხრიდან სექსუალურ ძალადობის დამტკიცება ვერ მოხერხდება საქმის ხანდაზმულობის მიზეზით.

გაზეთ The Sun-ის ინფორმაციით, 2019 წელს ლას ვეგასის პოლიციელებს მიაჩნდათ, რომ საკმარისი სამხილი და საფუძველი ჰქონდათ პორტუგალიელისთვის ბრალის წასაყენებლად და მის დასაპატიმრებლად. ისინი აპირებდნენ კიდეც ამის გაკეთებას, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს.

თურმე რონალდოს დაპატიმრების ორდერიც კი არსებობდა, მაგრამ საოლქო პროკურორმა სტივ ვოლფსონმა უარი თქვა საქმის აღძრაზე.

ამ ყველაფრის შესახებ ცნობილი გახდა სასამართლო სხდომის სტენოგრამისგან – ეს ინფორმაცია გააჟღერა მაიორგას ადვოკატმა ლესლი მარკ სტოვალმა. ამ უკანასკნელმა 2021 წლის 21 სექტემბერს სარჩელი შეიტანა ლას ვეგასის საოლქო სასამართლოში, მაგრამ სტენოგრამის შინაარსის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

2019 წლის ივლისში პროკურორმა გამოძიების მასალების შესწავლის შემდეგ განაცხადა, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა რონალდოს წინააღმდეგ ბრალდებას და ამიტომაც, მოთამაშეს არანაირი ბრალი არ წაუყენეს.

2021 წლის აპრილში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მაიორგას სურს ფეხბურთელისგან დაახლოებით 65 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის მიღება.