200-მდე ცნობილი ხელოვანი და მეცნიერი მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მსოფლიო ლიდერებსა და მოსახლეობას ცხოვრების წესისა და ღირებულებების გადაფასებისკენ მოუწოდებენ
200-მდე ცნობილი ხელოვანი და მეცნიერი მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მსოფლიო ლიდერებსა და მოსახლეობას ცხოვრების წესისა და ღირებულებების გადაფასებისკენ მოუწოდებენ

200-მდე ცნობილი ხელოვანი და მეცნიერი ერთობლივ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მსოფლიო ლიდერებსა და მოსახლეობას ცხოვრების წესის, მიზნების, ღირებულებების გადაფასებისკენ მოუწოდებენ.

„ლე მონდში“ გამოქვეყნებულ წერილს ხელს აწერენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან რობერტ დენირო, ჟულიეტ ბინოში, მონიკა ბელუჩი, ადამ დრაივერი, მარიონ კოტიარი, ხავიერ ბარდემი, პენელოპე კრუსი, ევა გრინი, იზაბელ აჯანი, ხოაკინ ფენიქსი, რუნი მარა, ვანესა პარადისი, მომღერლები მადონა, სტინგი, რიკი მარტინი, რეჟისორი პედრო ალმოდოვარი, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, დიზაინერი კრისტიან ლაბუტინი, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატები, ცნობილი ეკონომისტები, ფილოსოფოსები, ასტროფიზიკოსები და მრავალი სხვა გამოჩენილი ადამიანი.

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ „კორექტირება არ არის საკმარისი, პრობლემა სისტემურია“.

„ამჟამინდელი ეკოლოგიური კატასროფამეტაკრიზისის“ ნაწილია. დედამიწაზე მასობრივი გადაშენება აღარ იწვევს ეჭვებს და ყველა ნიშანი მიუთითებს პირდაპირ ეგზისტენციალურ საფრთხეზე. პანდემიისგან განსხვავებით, რამდენადაც სერიოზული არ უნდა იყოს ის, ეს არის გლობალური კოლაფსი, რომლის შედეგები უზომოდ დიდი იქნება. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებსა და მოქალაქეებს, უარი თქვან შეუმდგარ ლოგიკაზე და საბოლოოდ სიღრმისეულად გადახედონ მიზნებს, ღირებულებებსა და ეკონომიკას“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ფრანგული „ლე მონდი“ ავრცელებს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ გარემოს დაბინძურებას, გლობალურ დათბობას, ბუნებრივი სივრცის რღვევას მსოფლიო გარდამტეხ მომენტამდე მიჰყავს.

„ამ მიზეზებით სულ უფრო მზარდ სოციალურ უთანასწორობასთან ერთად, ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ნორმალური ცხოვრების აღდგენა“, – ნათქვამია წერილში.

მიმართვის ხელმომწერების თქმით, ყველა დონეზე აუცილებელი რადიკალური ტრანსფორმაცია დიდ სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვს. ეს არ მოხდება მასობრივი და მტკიცე ვალდებულების გარეშე. მათი აზრით, ამჟამად საქმე ეხება კაცობრიობის გადარჩენას, ასევე ღირსებასა და თანმიმდევრულობას.