200-დღიანი პაუზის შემდეგ ნადალი დაბრუნდა და აშშ-ის ღიას ნახევარფინალისტი გაანადგურა
200-დღიანი პაუზის შემდეგ ნადალი დაბრუნდა და აშშ-ის ღიას ნახევარფინალისტი გაანადგურა

შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა. რომის „მასტერსის“ მეორე წრეში მისი მეტოქე იყო ცოტა ხნის წინ დასრულებული აშშ-ის ღიას ნახევარფინალისტი პაბლო კარენიო ბუსტა. ესპანელების შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა – ნადალმა საათსა და 14 წუთში 6:1, 6:1 მოიგო.
რაფამ საკუთარ გეიმებში ჯამში მხოლოდ რვა ქულა დათმო. კარენიო ბუსტამ პირველი სეტის პირველივე გეიმში მოიპოვა ბრეიკ-პოინტი, რომელიც ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, მას მეტოქის მოწოდების აღების შანსი არ ჰქონია. ნადალმა შვიდი საკუთარი გეიმიდან ოთხი „მშრალი“ ანგარიშით მოიგო.
რაც შეეხება მეტოქის გეიმებს, აქ ნადალს ცხრა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ხუთის გამოყენება შეძლო.
რაფასთვის ეს იყო პირველი მატჩი 29 თებერვლის შემდეგ, როცა მან აკაპულკოს ტურნირის ფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცი დაამარცხა და კარიერაში 85-ე ტიტული მოიპოვა. ამ სეზონში ესპანელს 17 მატჩში 14 მოგება აქვს.
ნადალის შემდეგი მეტოქე მილოშ რაონიჩისა და დუშან ლაიოვიჩის მატჩში გაირკვევა.