20 ყველაზე სასურველი თავისუფალი აგენტი | კალათბურთი
20 ყველაზე სასურველი თავისუფალი აგენტი | კალათბურთი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020-21 წლების სეზონი 22 დეკემბერს დაიწყება. გუნდები რეგულარულს განსხვავებული ფორმატით ჩაატარებენ. 82 მატჩის ნაცვლად იქნება 50 შეხვედრა.

ახალი სეზონის დაწყებამდე გუნდებში ტრადიციულად საკადრო ცვლილებები მოხდება. ტრანსფერების განხორციელება ნბა-ს კლუბებს 20 ნოემბრიდან შეეძლებათ. წარმოგიდგენთ იმ 20 კალათბურთელს, რომლებიც რამდენიმე დღეში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებენ.

1. ენტონი დევისი – დევისმა მიმდინარე წელს კარიერაში პირველად მოახერხა ჩემპიონის ბეჭდის მორგება. მან უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ლოს ანჯელესიდან წასვლას არ გეგმავს და „ლეიკერსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

2. ბრანდონ ინგრამი – დიდი ალბათობით ინგრამი თავის ამჟამინდელ გუნდთან, „ნიუ ორლეანთან“ ახალ სოლიდურ კონტრაქტს გააფორმებს

3. ფრედ ვანვლეტი – შესაძლოა ფრედ ვანვლეტი სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პირი გახდეს. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვანვლეტის შეძენით უკვე არის დაინტერესებული „დეტროიტ პისტონსი“.

4. დანილო გალინარი – ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დანილო გალინარი, მან ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სარფიანი გარიგების დადება სურს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საჩემპიონო შანსების სანაცვლოდ იტალიელი გარკვეულ დათმობაზეც წავიდეს

5. დევის ბერტანსი – შესაძლოა ბერტანსზე დიდი მოთხოვნა გაჩნდეს, ლატვიელ მსროლელს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა.

6. ბოგდან ბოგდანოვიჩი – „საკრამენტო კინგსში“ შესაძლოა დიდი ცვლილებები მოხდეს, რადგან დიდია ალბათობა, რომ გუნდი ორივე მსროლელმა დატოვოს. ბოგდანოვიჩთან ერთად ამერიკული მედია საკრამენტოდან ბადი ჰილდის წასვლასაც ვარაუდობენ.

7. მონტრეზლ ჰარელი – ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაყწვტილებას მიიღებს „კლიპერსი” სეზონის საუკეთესო მე-6 მოთამაშესთან დაკავშირებით.

8. გორან დრაგიჩი – სავარაუდოდ „მაიმი“ დრაგიჩის გუნდში დატოვებას შეეცდება, რადგან სლოვენიელი გასული სეზონის პლეი ოფში ტრავმის მიღებამდე ბრწყინვალედ ასპარეზობდა.

9. ჯო ჰარისი – ასევე უცნობია დატოვებს თუ არა „ბრუკლინი“ გუნდში ჯო ჰარისს.

10. კენტავიუს კალდველ პოუპი – ის ლებრონ ჯეიმსთან და ლეიკერსთან ერთად წელს ნბა-ს ჩემპიონი გახდა. დიდია ალბათობა, რომ კალდველ პოუპმა სარგებლიანი კონტრაქტი აირჩიოს და გუნდი შეიცვალოს.

თავისუფალი აგენტის სტატუსს აგრეთვე მოიპოვებენ: ჯაე კრაუდერი, კრისტიან ვუდი, სერჟ იბაკა, მარკუს მორისი, ჯორდან კლარკსონი, პოლ მილსეპი, დარიო სარიჩი, ტრისტან ტომპსონი, მალიკ ბისლი, კარმელო ენტონი.