20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი - მსოფლიო თასამდე საფრანგეთთან და ინგლისთან თამაშები ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა #1TVSPORT
20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი - მსოფლიო თასამდე საფრანგეთთან და ინგლისთან თამაშები ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა #1TVSPORT

24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, სამხრეთი აფრიკა 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს. ამ ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპზე „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ოთხ თამაშს გამართავენ. თამაშები მაისსა და ივნისში გაიმართება, საფრანგეთთან – სტუმრად, ინგლისის ნაკრებთან კი – საქართველოში.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფრანგები, ასევე ინგლისელები საქართველოს უძლიერესი შემადგენლობებით დაუპირისპირდებიან. „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ფრანგებს მაისში ეწვევიან, ინგლისი კი საქართველოში ივნისში ჩამოვა.

„საქართველოს რაგბის კავშირმა კარგად იმუშავა და მოსამზადებელ ეტაპზე საფრანგეთთან და ინგლისთან უმნიშვნელოვანესი თამაშები გაგვიხერხა. ფრანგებსაც და ინგლისელებსაც ყოველთვის ძლიერი გუნდები ჰყავთ. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე მათთან თამაში ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ფრანგებთან, თამაშის გარდა, ერთობლივი ვარჯიშიც უნდა გვქონდეს. ივნისში საქართველოში ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები ჩამოდის, რაც ძალიან მაგარი ამბავია“, – განაცხადა „უმცროსი ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ.

რაც შეეხება 20-წლამდელთა ნაკრების სამომავლო გეგმებს, კილასონიას თქმით, მარტში მორაგბეები კლუბების განკარგულებაში იქნებიან, 4 აპრილიდან 14 მაისამდე კი დიდი შეკრება დაიწყება, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა ინტენსივობის ვარჯიშებით.