20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ
20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ

20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

„მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული ცხრა პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი – ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

დატოვე კომენტარი