2 ქულა ორმაგ დუბლამდე - მამუკელაშვილმა NBA-შიც გამორჩეული მატჩი ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT
2 ქულა ორმაგ დუბლამდე - მამუკელაშვილმა NBA-შიც გამორჩეული მატჩი ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT

ვისკონსინ ჰერდში“ ჩატარებული ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსში“ დაბრუნდა და „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ ითამაშა, სადაც მისი გუნდი ანგარიშით 93:97 დამარცხდა.

იანის ანტეტოკუნმპომ ტრავმის გამო ეს შეხვედრა გამოტოვა. შესაბამისად, მამუკელაშვილს ძირითად გუნდში სათამაშო დრო მიეცა. მან 22:40 წუთი ითამაშა და ძალიან ახლოს იყო ორმაგ დუბლთან. სანდრომ 8 ქულა, 10 მოხსნისა (6 შეტევაში) და 1 პასის დაგროვება მოასწრო. 22 წლის კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრის ხაზიდან კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ.

რაც შეეხება შეხვედრას, „რეპტორსმა“ დიდ შესვენებამდე 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მიუხედავად ვისკონსინელების თამაშის შემოტრიალების მცდელობისა, გასული სეზონის ჩემპიონს მაინც მოუგო. კანადური გუნდის მხრიდან საუკეთესო ფრედ ვანვლიტი იყო, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. იანისის არყოფნაში ლიდერობა თავის თავზე ჯრუ ჰოლიდეიმ აიღო – მის ანგარიშზე 26 ქულაა. კრის მიდლტონმა 22 ქულა მიითვალა, ბობი პორტისმა კი 15 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ტორონტო VS მილუოკი

ამ მარცხით „მილუოკი ბაქსის“ წაუგებელი სერია შეწყდა. შეგახსენებთ, რომ მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდს აქამდე ზედიზედ 8 თამაში ჰქონდა მოგებული.

სანდრო მამუკელაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას 5 დეკემბერს „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ გამართავს.