2 იანვარს ლეგენდარული ნოდარ ახალკაცისა და გივი ნოდიას დაბადების დღეა #1TVSPORT
დღეს ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის დაბადების დღეა. ნოდარ ახალკაცი 1938 წელს დაიბადა. „დინამოს“ 1976-1983 და 1985-1986 წლებში ხელმძღვანელობდა.
მისი მოღვაწეობის პერიოდში თბილისურმა გუნდმა არაერთი ტიტული მოიგო. 1978 წელს სსრკ-ის ჩემპიონი გახდა, 1977 წელს – ვიცე-ჩემპიონი. „დინამომ“ 1976 (გაზაფხული-შემოდგომა) და 1981 წლებში – ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 1976 და 1979 წლებში ორჯერ გახდა სსრკ-ის თასის მფლობელი.
ახალკაცის სახელს უკავშირდება ქართული ფეხბურთის ერთადერთი საკლუბო წარმატება ევროსარბიელზე – 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიპოვა, მომდევნო სეზონში კი ამავე ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა.
ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის ნოდარ ახალკაცი ფიფა-მ და უეფა-მ ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი 1998 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა.
ასევე 2 იანვარს აქვს დაბადების დღე 1981 წლის 13 მაისს „დინამოში“ ნოდარ ახალკაცის თანაშემწეს გივი ნოდიას. იგი თბილისური კლუბის ღირსებას 1967 წლიდან 1975 წლამდე იცავდა და 210 შეხვედრაში 75 გოლი გაიტანა. გივი ნოდიამ ოთხჯერ სსრკ-ის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (1967, 1969, 1971, 1972), 1970 წელს პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (17 გოლი).
ნოდია 1966 წელს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია, 1970 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, 1972 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
1993-1994, 2001-2003 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.
გივი ნოდია 2005 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა.