19 წლის ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
19 წლის ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღვკეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა, ხოლო დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

„მე ჩემი ძმის არც განზრახ მკვლელობა, არც განზრახ დაზიანება არ მინდოდა. ეს ყველაფერი მოხდა შემთხვევით, წამოიწია და შემთხვევით მომიხვდა დანა. გიჟი ხომ არ ვარ, იმის გამო მოვკლა ადამიანი, რომ არ მაძინებდეს“, – განაცხადა პროცესზე გიორგი ახლოურმა.

გიორგი ახლოურის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

სამართალდამცველების ცნობით, გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმას, მიშა ახლოურს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.