19-წლამდელების ბრწყინვალე სტარტი - 4:2 მასპინძელ უნგრეთთან [ვიდეო]

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო – რამაზ სვანაძის გუნდმა დიორში გამართულ მატჩში მასპინძელი უნგრეთი 4:2 დაამარცხა.

შეხვედრა საქართველოს 19-წლამდელთა უპირატესობით დაიწყო – მე-11 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მისივე წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმიდან ეფექტური გოლი გაიტანა. 27-ე წუთზე უნგრელებმა მეკარის შეცდომით ისარგებლეს და ანდრას ჰუსტმა ანგარიში გაათანაბრა.

42-ე წუთზე უნგრელების ოლივერ კოლმარი მეორე ყვითელი ბარათისთვის მოედნიდან გააძევეს და მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უკეთ დაიწყო, თუმცა დაცვაში დაშვებულ უხეშ შეცდომას პენალტი მოჰყვა და 49-ე წუთზე ალენ სკრიბეკმა თავისიანები დააწინაურა.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და კაცნაკლულმა მასპინძლებმა სტუმრებს ვერაფერი მოუხერხეს. გიორგი გულიაშვილმა 62-ე წუთზე ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით დააგვირგვინა და წონასწორობა აღადგინა. 65-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა საქართველო დააწინაურა, ხოლო 82-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა შორეული გასროლით ეფექტური გოლი გაიტანა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 4:2.

სამწუხაროდ, 32-ე წუთზე მოედნის ცენტრში ჩვენი გუნდის ლიდერი, პირველი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია წაიქცა და ნაადრევად შეცვლა დასჭირდა. რამდენად სერიოზულია მის ტრავმა, ჯერ უცნობია.

საქართველოს U19: კუტალაძე, კაპანაძე (86. ჭავჭანიძე), გელაშვილი, კალანდაძე, ჯანგიძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (60. იაკობიძე), გულიაშვილი, დავითაშვილი (86. ნონიკაშვილი), კვარაცხელია (32. მოისწრაფიშვილი).

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ხორვატიამ 3:0 დაამარცხა ყაზახეთი, რომელსაც ჩვენი 19-წლამდელები 12 ოქტომბერს მეორე ტურის შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.