18-წლამდელთა ნაკრები მაკედონიურ ჩელენჯერზე #1TVSPORT
18-წლამდელთა ნაკრები მაკედონიურ ჩელენჯერზე #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ახლოს იყო პირველ გამარჯვებასთან სკოპიეში, სადაც კონტინენტის მოწინავე გუნდების ევროჩელენჯერი მიმდინარეობს. ტურნირის პირველ ტურში ესპანეთთან წაგების შემდეგ დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში – 66:69 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები მატჩის უმეტეს დროს ლიდერობდა. მეორე პერიოდში ქართველების უპირატესობამ 9 ქულასაც მიაღწია, როცა 46:37 დავწინაურდით, თუმცა როცა საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ, მასპინძლები წუთშესვენებას იღებდნენ და ეს ამართლებდა.

ორივე გუნდი დიდ აქცენტს აკეთებდა შორ სროლებზე და ამ კომპონენტში ქართველებმა საგრძნობლად, 5 სამქულიანით აჯობეს მეტოქეს, თუმცა მაკედონიელებს ტანმაღალი მოთამაშეების წყალობით ფარქვეშ უპირატესობა ჰქონდათ და ჩამორჩენასაც უმეტესწილად ამის ხარჯზე აბათილებდნენ.

მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. საქართველოს ნაკრები 2 ქულით აგებდა და უტევდა. გადამწყვეტი ტყორცნა პერიმეტრიდან ქართველთა ბომბარდირმა, გიორგი ოჩხიკიძემ ითავა, რომელსაც, მიზანმა უმტყუნა…

საქართველოს ნაკრებში 16 ქულით, 7 მოხსნით, 6 პასითა და 4 ჩაჭრით ოჩხიკიძე გამოირჩა. მას საერთო შედეგიანობით ოდნავ აჯობა ლუკა ლიკლიკაძემ, რომელმაც 12 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. 14 ქულა და 6 მოხსნა გუგა ნაცვლიშვილმა მოაგროვა, გიორგი მესხმა კი შეხვედრა 10 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

დატოვე კომენტარი