17-წლამდელების გადამწყვეტი მატჩი - დღეს საქართველოს ნაკრები ესტონეთს დაუპირისპირდება #1TVSPORT
17-წლამდელების გადამწყვეტი მატჩი - დღეს საქართველოს ნაკრები ესტონეთს დაუპირისპირდება #1TVSPORT

დღეს, საქართველოს 17-წლამდელ ვაჟთა ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს – გიორგი ჩიტაურის გუნდი, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

ამ მატჩისთვის 17-წლამდელები სრული შემადგენლობით ემზადებიან. საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა ისლანდიის ასაკობრივ გუნდთან ფრე 1:1 ითამაშა. ხოლო მეორე ტურის შეხვედრაში, მასპინძელი უნგრეთი – 1:0 დაამარცხა და ჯგუფში, 4 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

გუნდს ელიტ-რაუნდის საგზურის მოპოვების რეალური შანსი გააჩნია, თანაც, პირველი ადგილით და შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია შეხვედრა ესტონეთის 17-წლამდელებისთვისაც, რომელიც ასევე ინარჩუნებს ელიტ-რაუნდში გასვლის შანსს.

ბალტიისპირელებმა ჯგუფის პირველი შეხვედრა, ჯგუფური ეტაპის მასპინძელ უნგრელებთან 0:3 წააგეს, მეორე ტურში კი ისლანდია 2:1 დაამარცხეს და ბოლო ტურის წინ, ჯგუფში 3 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ.

საქართველოსა და ესტონეთის 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ბელარუსი არბიტრების ბრიგადა განსჯის, მთავარი არბიტრი კი ვიკტორ შიმუსიკი იქნება.