16 წლის მეკარემ „ტორპედოს“ ქულა გადაურჩინა (ვიდეო)

ქუთაისის „ტორპედომ“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალსოთან“ გასვლითი შეხვედრა 1:1 დააასრულა – ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში მოხდა, რომელიც ევროთასებზე გუნდების მონაწილეობის გამო გადაიდო.

ფინანსურ გაჭირვებაში მყოფმა ქუთაისის „ტორპედომ“ „საბურთალოს“ დიდი წიანაღმდეგობა გაუწია და 45-ე წუთზე ანგარიში გახსნა: „საბურთალოს“ კართან შექმნილი არეულობით ცოტნე მოსიაშვილმა ისარგებლა და ქუთაისელები დააწინაურა 0:1.

შესვენების შემდეგ „საბურთალომ“ უპირატესობა მოიპოვა და 79-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა: ფლანგური გადაცემა ლუკა ლაკვეხელიანმა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა – 1:1. „საბურთალოს“ გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც 91-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი ოგნიენ როლოვიჩმა შეასრულა, მაგრამ დავით ასათიანმა ბურთი მოიგერია – ქუთაისელთა 16 წლის მეკარემ, რომელმაც ეროვნულ ლიგაში მეორე შეხვედრა ჩაატარა და შეხვედრის გმირი გახდა.

საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა, „საბურთალომ“ 51 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, თუმცა ბათუმის „დინამოსთან“ (55 ქულა) და თბილისის „დინამოსთან“ (54 ქულა) ჩამორჩენის მინიმალურამდე შემცირება ვერ მოახერხა, ქუთაისის „ტორპედო“ კი (40 ქულა) მეოთხე ადგილზეა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.