16 ქულით შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - „ტენერიფემ“ „ბილბაო“ დაამარცხა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და 86:75 გაიმარჯვა.
შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელშიც მასპინძლებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს, 27:15 გაიმარჯვეს და ბოლო მეოთხედში „ბილბაომ“ მატჩში დაბრუნება ვერ შეძლო.
ქართველი კალათბურთელი, მარსელინიო უერტასთან ერთად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 16 ქულა და 5 მოხსნა შესძინა, ხოლო ბრაზილიელის ანგარიშზე 18 ქულა და 9 მოხსნა იყო.
„ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში 22 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს მადრიდის „რეალთან“ ჩაატარებს.