12 ნოემბრის მატჩის პრელუდია - ქართველების „ანორთოსისმა“ ჩრდილომაკედონიელთა აეკი დაამარცხა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში ძალიან საინტერესო დაპირისპირება შედგა – ერთმანეთს ქართველების გუნდად მონათლული ფამაგუსტას „ანორთოსისი“ და ჩრდილოეთ მაკედონიელების გუნდად შერაცხული ლარნაკას აეკ-ს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა თემურ ქეცბაიას გუნდმა კოსტაკის არტიმატასის მიერ მე-8 წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების სამი წევრი იყო და შეუცვლელად ითამაშეს – მეკარე გიორგი ლორიამ, ნახევარმცველმა მურთაზ დაუშვილმა და ფლანგის თავდამსხმელმა თორნიკე ოქრიაშვილმა. გიორგი ქვილითაია სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია. აეკ-ის ძირითად შემადგენლობაში კი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის წევრები, ნახევარმცველი სტეფან სპიროვსკი და თავადმსხმელი ივან ტრიჩკოვსკი იყვნენ.

10 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 23 ქულა დააგროვა და კონკურენტ „აპოლონს“ გადაასწრო (20 ქულა). ლიმასოლის გუნდმა ბოლო ტურში „კარმიოტისთან“ 1:2 წააგო. თუმცა, „აპოლონს“ ერთი მატჩი ჩასატარებელი აქვს.

ანორთოსისისა“ და აეკ-ის ბრძოლა ევრო 2020-ის მომავალი პლეი ოფის ფინალური დაპირისპირების პრელუდია იყო, რომელიც ქართველებმა მოიგეს და ახლა მათგან უფრო მნიშვნელოვანი მატჩის მოგებას ველით – 12 ნოემბერს, თბილისში, „დინამო-არენაზე“.