12-14 დეკემბერს, ჩინეთის ქალაქი ცინდაო ძიუდოში მასტერსის ტურნირს უმასპინძლებს
12-14 დეკემბერს, ჩინეთის ქალაქი ცინდაო ძიუდოში მასტერსის ტურნირს უმასპინძლებს

ცინდაოს მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ლუხუმ ჩხვიმიანის გარდა, ბაგრატ ნინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი დაიცავენ.

60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ წრეში უზბეკ დიორბეკ უროზბოევს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ჩეხ დეივიდ პულკრაბეკსა და ბრიტანელ ეშლი მაგკენზის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ქართველი ძიუდოისტის ბადეში არის ესპანელი ფრანცისკო გარიგოსიც, რომელსაც ლუხუმის მგავსად ტურნირის ფავორიტად ასახელებენ. კენჭისყრის თანახმად ლუხუმ ჩხვიმიანი და იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვდებიან.

66 კგ. წონით კატეგორიაში ორივე ქართველი ძიუდოისტი ბაგრატ ნინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი განთესილები არიან და მეორე წრიდან იჭიდავებენ. ბაგრატ ნინიაშვილის პირველი მეტოქე სლოვენიელი ადრიან გომბოცი არის, გამარჯვების შემთხვევაში კი მოლდოველ დენის ვიერუსა და ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერს შორის წარმატებულს შეხვდება.

ბაგრატ ნინიაშვილს კენჭისყრის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ არ გაუმართლა, რადგან მის ბადეში გიორგი ზანთარაია (უკრაინა), მიხაილ პულიაევი (რუსეთი), ტალ ფლიკერი (ისრაელი) მოხვდნენ.

მეორე წრეში ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე კანადელი იაკობ ვალოისი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ვაჟა რუს იაკუბ შამილოვსა და კუბელ ოსნიელ სოლისს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.